ევროოპტიმისტების წევრი რომან გოცირიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანაზე გახარიას პარტიის განცხადებას ეხმაურება და მას არაჰუმანურსა და მავნებლურს უწოდებს.
გოცირიძე წინაასაარჩევნოდ ოპოზიციის ერთიანობის მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მსგავსი მოწოდებები "ქართული ოცნების წისქვილზე ასხამს წყალს".
"ძალიან მავნებლური და არაჰუმანური განცხადებაა, მით უმეტეს, წინასაარჩევნოდ, როცა ოპოზიცია უნდა იყოს უფრო სოლიდარული და კონსოლიდირებული და ამის ნაცვლად, განხეთქილების ელემენტები შემოაქვთ ოპოზიციაში.
[...] თუ ხელისუფლება შეიცვალა, ნაციონალურ მოძრაობასაც, გახარიას პარტიასაც და მთელ ოპოზიციას მოგვიწევს თანამშრომლობა და კოალიციური ხელისუფლების შექმნა, ამიტომ დღეს ამ განცხადების გაკეთება პირდაპირ ასხამს ქართული ოცნების წისქვილზე წყალს. პარტიული ლიდერები არ არიან ექიმები და მათ არ აქვთ უფლება, იმსჯელონ ადამიანის მდგომარეობაზე", - განაცხადა გოცირიძემ.
საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის და ქართული ოცნების ყოფილი ლიდერის, გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის მოუწოდებს, ქართულ ოცნებას, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკიდან საპატიმროში გადაიყვანონ.
როგორც პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა წევრმა მიხეილ დაუშვილმა თქვა, "მიმდინარეობს ნაციონალური მოძრაობის გადარჩენის და ხელახალი გაერთიანების სპეცოპერაცია, რომლის ორგანიზატორიც ქართული ოცნებაა".
ამასთან, პარტია მოუწოდებს ქართულ ოცნებას, "უზრუნველყოს კანონმდებლობის აღსრულება და არ მისცეს უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისა და მონაწილეობის უფლება".